ქართული მედია ჯგუფი / Georgian Media Group

Home » Uncategorized » ვისი საქართველო სად არის..

ვისი საქართველო სად არის..

629_10_2013_18_37_32reisebiლონდონში ყოფინისას არაერთ ქართველ  ემიგრანტს შევხვდი. წლებია, ყველა თავის სფეროში საქმიანობს. თითოეული მათგანისთვის კვირის ყოველი დღე დაგეგმილი და ზუსტად გათვლილია. ერთი შეხედვით, აქ მათთვის ყოველდღიური ყოფითი პრობლემები თითქმის არ არსებობს და შედარებაც უჭირთ იგივე დატვირთვით საქართველოში მუშაობასთან. აქ დამსაქმებელი დაქირავებულს ანაზღაურებას საათობრივად უხდის  და შესაბამისად სამსახურში ღამეების თევა, რაიმე განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა წარმოუდგენელია, თუ ეს ისევ შემსრულებლის ნებით არ ხდება, ისევ მაღალი ანაზღაურების მიღების მიზნით.  როგორც მითხრეს,  ერთი საათით მუშაობა 7 ფუნტიდან (დაახლოებით 21 ლარი) იწყება. რა თქმა უნდა აქ მცხოვრებ ოჯახებს გასავალიც დიდი აქვთ (კომუნალური გადასახადები+ბინის ქირა თვეში დაახლოებით 3000 ფუნტს აღწევს) თუმცა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, უმრავლესობა საქართველოში 3-4 ოჯახის შენახვას მაინც ახერხებს.ამასობაში გადის წლები და ქართველები დიდ ბრიტანეთში თანდათან მკვიდრდებიან. მას შემდეგ, რაც აქ მცხოვრებ ქართველებზე სხვადასხვა პუბლიკაციის გავრცელება დავიწყე, ლონდონის გარდა  ქვეყნის სხვა ქალაქებიდანაც დამიკავშირდნენ და მათი კარჩაკეტილი ცხოვრების შესახებ მიამბეს. ზოგიერთი ქართული ოჯახი კი პიქირით თვლის, რომ უცხო ქვეყანაში ინტეგრაცია და აქ მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობების აწყობა არ გაჭირვებია.

თავდაპირველად, თითქმის ყველა, მხოლოდ რამდენიმე წლით ცხოვრებას, მუშაობას, თანხის დაგროვებას და უკან დაბრუნებას გეგმავდა. მაგრამ უკან წასულთა რიცხვში დღეს ძირითადად სტუდენტების ნაწილი მოიაზრება და როგორც ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ამბობს, სტაჟირებასაც კი იშვიათ გამონაკლის შემთხვევაში ახერხებენ. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, საკუთარი პროფესიით მუშაობის დაწყება ქართველი ახალგაზრდებისთვის თითქმის შეუძლებელია და ბრუნდებიან საქართველოში, სადაც თავის დასამკვიდრებლად ისევ გარკვეული სახის ბარიერებს აწყდებიან..

რაც შეეხება ლონდონში მცხოვრებ ქართულ ოჯახებს, რომლებიც ძირითადად 2000 წლის შემდეგ წავიდნენ საქართველოდან, დროთა განმავლობაში აღმოაჩინეს, რომ ეკონომიური პირობები გადამწყვეტ როლს ასრულებს მათ ცხოვრებაში და მთავარი, ქვეყნის პატრიოტიზმი და სამშობლოსადმი სიყვარულის ამგვარი გამოხატულება არაა.

2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ოჯახების გარკვეული რაოდენობა სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ბოლო წლებში მათმა რიცხვმა ლონდონში ისევ იმატა და დღეს უკვე ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 20 000-ს აღწევს.

კითხვაზე, თუ როდის ან რა შემთხვევაში აპირებენ საქართველოში დაბრუნებას, ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავებული პასუხები აქვთ: ,, როცა სიტუაცია გამოსწორდება, შრომა დაფასდება, ჩვენ შვილებს გაჭირვების გავლა არ მოუწევთ” და ა.შ. უფრო მეტიც, როდესაც საქართველოში ახლობლებს უკავშირდებიან, ეუბნებიან, რომ მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ცხოვრების გაგრძელება საქართველოში გაუჭირდებათ, ამიტომ  მშობლიურ ქვეყანაში პერიოდულად, ჯერჯერობით მხოლოდ სტუმრად ჩადიან.

თუ კი დავუშვებთ, რომ ყველას სურს კომფორტი, ნაკლები პრობლემები, შვილებისთვის მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და ა.შ. მაშინ ვინ რჩება საქართველოში? ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის სადავეების ხელში ჩაგდება და მართვა სურთ, საზოგადოება, რომელიც საკუთარი შრომით მოპოვებულ შესაძლებლობებს ეგუება და ხალხი, ვისთვისაც ყოველი დღე ერთფეროვანი და პრობლემებით დატვირთულია, რომლებსაც სათანადო რესურსის არ ქონის გამო არაფრის შეცვლა არ შეუძლია?

სამწუხაროდ ფაქტია, რომ საქართველოდან მოქალაქეების გადინება თანდათან მატულობს და  გარკვეული ნაწილი უკეთეს მომავალს სხვაგან ცხოვრებაში ხედავს, თუნდაც მშობლიური მხარის ნოსტალგიის ფონზე.

ამ თემებზე მე და ჩემმა ყოფილმა კოლეგამ ჟანამ, ერთად ვიმსჯელეთ. მას ლონდონში შევხვდი, სადაც მესამე წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის ახლა ერთ-ერთ ძვირადღირებულ კერძო დაწყებით სკოლაში პედაგოგად მუშაობს და რა თქმა უნდა განათლების სისტემაზე საუბარს ვერ ავცდებოდით. მანამდე კი საკუთარი დღის რეჟიმი გამიზიარა.

მისი ყოველი სამუშაო დღე 06:30 -ზე იწყება, რადგან ორ საათში უკვე სკოლაში უნდა იყოს და სახლში 20:00 საათზე ბრუნდება. როგორც ჟანა ამბობს, ლონდონში ცხოვრების მოწყობასა და სამსახურის ძიებაში, პირველი ქართული სკოლის დამაარსებელი ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი დაეხმარა, რომელიც ოჯახთან ერთად აქ 27 წლის წინ დასახლდა. აქ მასწავლებლის განათლების დონეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და სკოლის თითოეული წარმომადგენლის დატრენინგება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.  პედაგოგებთან ერთად გადამზადებას გადის სკოლის ადმინისტრციაც, იმ მიზნით, რომ მოსწავლეებისთვის ყოველი დღე ახალი, ინოვაციური და საინტერესო იყოს.  მასწავლებლები მჭიდრო ურთიერთობას ამყარებენ მშობლებთან იმ გაგებით, რომ მას ყოველდღიურად ჰქონდეს ინფორმაცია სათანადო საჭირო ზომების მისაღებად. თუ როგორი დღე ჰქონდა მის შვილს, რა სირთულე დაძლია, რაში ესაჭიროება დახმარება და ა.შ. საგულისხმოა ისიც, რომ ცოდნის მიღება სკოლაშივე ხდება. მოსწავლეები რეპეტიტორებთან თითქმის არ ემზადებიან და ოჯახს ამისთვის დამატებითი თანხების გაღება არ უწევს. მათ იციან, რომ სკოლის დონე არის გარანტი, მოზარდისთვის კოლეჯსა და უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. ლონდონში მე-6 კლასელ მოსწავლეს პირველივე სემესტრში გამოცდების ჩაბარება უწევს. ისინი  ჯერ კიდევ დაუსრულებელ, იმავე წლის მთლიან პროგრამას აბარებენ, მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად.

ამ საუბრებში მე და ჟანა პარალელებს საქართველოს სხვადასხვა სფეროში არსებულ ვითარებებთან ვავლებთ და ვცდილობთ ვიპოვოთ პასუხები კითხვებზე თუ რა უნდა შეიცვალოს ჩვენ ქვეყანაში, რომ  ემიგრანტების რიცხვი ეტაპობრივად მინიმუმამდე დავიდეს.

ჟანას, სხვა ბევრი ქართველი ემიგრანტისგან განსხვავებით, ლონდონში ცხოვრება დისკომფორტს უქმნის. განათლებისა და გამოცდილების მისაღებად ბევრი სირთულეების გადალახვა მოუხდა, რაც  თავის მხრივ ნერვიულობასა და გამბედაობას მოითხოვდა.  თვლის, რომ მისი ადგილი მხოლოდ საქართველოშია და ამ პერიოდში მიღებული გამოცდილებაც სწორედ საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმაროს.

ჟანას აზრს ბევრი არ ეთანხმება, ნაწილისთვის მთავარი ის გარემოა, სადაც უკეთესად იცხოვრებს, ზოგიერთის თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, დიდ ბრიტანეთში მთავრობა ზრუნავს ხალხზე და აქ დარჩენის ძირითად საფუძველსაც ამას ასახელებენ.

ამ ფონზე სხვა ქვეყანაში ქართული ოჯახები თანდათან მკვიდრდებიან, მიგრაცია კი თაობათა გაუცხოების რეალურ საფთხეს ქმნის, ისე როგორც ეს  გორელი ალექსანდრე ბესტავაშვილის შემთხვევაში მოხდა, რომელსაც ლონდონში წელს უკვე 109-ე იუბილე მიულოცეს.. მისი შვილები ლონდონში დაბადებულ-გაზრდილი ქართველები არიან, თუმცა ვერცერთი მათგანი ქართულად ვერ საუბრობს. ბუნებრივიცაა, რომ ამ ადამიანებს და მათ შვილებს ქართული იდენტობის განცდა ვერ ექნებათ.

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიურის მივლინება ლონდონში ორგანიზებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)-ის მიერ. 2015 წელს ნინო ჩიბჩიურს მიენიჭა საქართველოში ეროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

Advertisements

1 Comment

  1. vazha P. says:

    მაშ, ეს “2000 წლის მერე წასულები” ჩავიდებთ ხოლმე ჯიბეში ორიოდე “ფუნტს”, გავალთ გოროდში, ნაბერეჯნზე გავისეირნებთ, შინ დავბრუნდებით და კრაოტებში ჩავწვებით იმის ფიქრით რომ სამშობლოში მაინც დავბრუნდებით…თუნდაც 2000 წლის მერე))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: